ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ, სრულიად მოულოდნელად, ახალი სპორტული ავტომობილი წარმოადგინა. ეს არის როდსტერი, რომელსაც ელემენტების ერთჯერადად სრულად დამუხტვის შემთხვევაში 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ეს სიახლე კომპანიის ისტორიაში რიგით მეორე როდსტერია, პირველი მათ 2008 წელს წარმოადგინეს, თუმცა მას სერიული წარმოების სახე არ მიუღია. ამჯერად კი კომპანია ამ მოდელით შეეცდება მაღალი ფინანსური შემოსავლების მიღებას, ვინაიდან ცნობილი ხდება, რომ მისი ღირებულება პირველ ეტაპზე 250 ათასი დოლარი იქნება, ხოლო მოგვიანებით 200 ათასი დოლარი.
არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებელს ავტომობილის მისაღებად წინასწარი დეპოზიტების შეტანის სერვისი შესთავაზა და აცხადებენ, რომ 50 ათასი დოლარის მოცულობის შენატანი პირველ ათას ერთეულ სპეცმოდელზე - Founder's Series-ზე მალევე იქნა შეტანილი.
ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია. როგორც ავტომობილის პრეზენტაციისას კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, ავტომობილს 100კმ/სთ-ის განვითარებისთვის სულ რაღაც 2 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ია და ამ სიჩქარეს ავტომობილი 8-9 წამში ავითარებს.
ავტომობილის სერიული წარმოება 2020 წლიდან დაიწყება.
კოკა კვირკველია