ევროპის მასშტაბით, ღორის აფრიკული ცხელების გავრცელებაში გარეული ღორები მთავარ როლს თამაშობენ , - აცხადებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღორის აფრიკული ცხელება შინაური და გარეული ღორების ჰემორაგიული ხასიათის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ინფიცირებულ ცხოველებში 100%-მდე სიკვდილიანობას იწვევს. მართალია, დაავადება ადამიანის ჯანმრთელობისათვის პირდაპირ რისკებს არ შეიცავს, თუმცა უზარმაზარი ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და სურსათის უვნებლობის კონტექსტში.
აფრიკიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ (2007 წელს), ვირუსი გავრცელდა კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, ლიტვაში, პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთში, მოლდოვაში, ასევე ახლახან, ჩეხეთში და რუმინეთშიც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, უკანასკნელ წლებში, ოფიციალური მონაცემებით, ღორის აფრიკული ცხელება აღარ დაფიქსირებულა, ნებისმიერი ქვეყანა, სადაც არსებობს მეღორეობის დარგი და გარეული ღორის პოპულაცია, კვლავ ამ საშიში დაავადების გავრცელების რისკის ქვეშ იმყოფება.
ღორის ნებისმიერი სახეობა ინფექციისაგან დაუცველია, თუმცა დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ შინაურ და გაველურებულ ცხოველებში, ისევე, როგორც მათ ახლო-მონათესავე სახეობაში - გარეულ ღორებში. დღეისათვის ღორის აფრიკული ცხელების საწინაამღდეგო ვაქცინა არ არსებობს.
"ჯერჯერობით სრულად ნათელი არ არის, თუ როგორ ხდება დაავადების გადაცემა გარეული ღორებისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, ამას დიდწილად განსაზღვრავს მათი (გარეული ღორების) პოპულაციის სიმჭიდროვე და ურთიერთქმედება დაბალი ბიოუსაფრთხოების მქონე მეღორეობის დარგთან", - აცხადებს FAO- ს ცხოველთა ჯანმრთელობის ოფიცერი დანიელ ბელტრან-ალკრუდო,
”როგორც წესი, ვეტერინარული სამსახურები არ არიან კარგად მომზადებულები და არ გააჩნიათ საჭირო გამოცდილება გარეულ ცხოველებთან მუშაობისათვის. ბელტრანს-ალკრუდო ამბობს, რომ ასეთ პირობებში დაავადების ეფექტიანი კონტროლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების და კოორდინაციის ჩამოყალიბება ვეტერინარულ სამსახურებს, სატყეო მეურნეობების მმართველ ორგანოებსა და ასევე მონადირეებს შორის.
FAO-ს ორდღიანი სემინარი კაუნასში (ლიტვა) ღორის აფრიკული ცხელების მართვას გარეულ ღორებში, შინაურ და გარეულ ღორებს შორის დაავადების გადაცემაზე დაკვირვებას და პრევენციას მიეძღვნა. სემინარის მონაწილეები გაეცნენ და განიხილეს გარეული ღორებისათვის რელევანტური ჯანმრთელობის მართვის სხვადასხვა მეთოდი. მონაწილეებმა ასევე მიიღებეს ნადირობის, ბიოუსაფრთხოების, სტატისტიკური შერჩევის და ცხოველთა გვამების განკარგვის საველე გამოცდილება.
სემინარი ხელს შეუწყობს სტრატეგიის შემუშავებას, რათა მოხდეს აფრიკული ცხელების შეღწევის პრევენცია ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნებში და უკვე დაზარალებულ ქვეყნებში განხორციელდეს გარეულ ღორებში ამ დაავადების უფრო ეფექტიანი კონტროლი.
შესაბამისი ტრენინგი კარგი დამატებაა ვირუსის გამოვლენისა და დიაგნოზის ახლახანს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე და სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა.
გარეული ან გაველურებული ღორის პოპულაციებში ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების შემდეგ დაავადების ეფექტიანი კონტროლი მეტად რთული ამოცანა ხდება. სტრატეგია გულისხმობს გარეულ/გაველურებულ და შინაურ ცხოველებს შორის კონტაქტების მინიმიზაციას. აუცილებელია ცხოველის სადგომების შეღობვა, სადგომების გარეთ შინაური და გაველურებული ღორების რაოდენობის მაქსიმალურად შეზღუდვა, სამზარეულოს და სასაკლაოს ნარჩენების სათანადო განკარგვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.