„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, წიგნის მიწოდება და ბეჭდვის მომსახურება დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით.
ეს კი შესაძლებლობას მისცემს მწარმოებელს ჩაითვალოს წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულზე გადახდილი დღგ, რაც მანამდე მწარმოებლისთვის წარმოადგენდა დამატებით ხარჯს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის საშემოსავლო გადასახადში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათები; თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლების ვადა; ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.