ნოდარ ხადური გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის საპარლამენტო მდივანს შეხვდა

მხარეებმა ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკა განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, მხარეებმა იმსჯელეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელსაც გერმანიის მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით ახორციელებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში გერმანული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მოლაპარაკებისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც გერმანიის მთავრობა საქართველოსადმი გამოხატავს. ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ახალი სტიმული იქნება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისათვის და ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი გახდება.

გერმანული მხარის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები მოიცავენ როგორც ინფრასტრუქტურის სფეროს, ისე ინსტიტუციურ რეფორმებს.