40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეოგრანდი" 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა

სასტუმრო "ლეოგრანდი", რომელშიც დღეს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.

როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.