„თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მათაგანი ვინც ამ „შავ პარასკევს“ ამაზონზე იშოპინგეთ, იცოდეთ რომ თქვენ ხელი შეუწყვეთ ჯეფ ბეზოსს გამხდარიყო 100 მილიარდიანი ქონების მფლობელი“. - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი. ის ეყრდნობა „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგს, რომლის თანახმად პირველად ახალ ასწლეულში, მილიარდერებს შორის ჯეფ ბეზოსი გახდა ადამიანი, რომლის ქონებამ 12 ნიშნულიან ციფრს მიაღწია. თუმცა, „ფორბსი“ მისი სიმდიდრის მაჩვენებელში მხოლოდ 99,6 მილიარდს უთითებს.
ჯეფ ბეზოსი, რომელიც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და მისი 18,9 მილიონი აქციის მფლობელია, მხოლოდ ამ პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად გამდიდრდა 2,4 მილიარდი დოლარით, ვინაიდან „ამაზონის“ აქციების ფასი 2,5 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი კომპანიის აქციების ფასი 58%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად ბეზოსის ქონება მხოლოდ წელს 34 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ჯეფ ბეზოსმა მილიარდერების რეიტინგში ბილ გეითს ჯერ კიდევ ივლისში გაასწრო, თუმცა გეითსმა ლიდერის პოზიცია მალევე დაიბრუნა, მაგრამ დიდი ხნით მანაც ვერ შეინარჩუნა და კვლავ ბეზოსის სასარგებლოდ ოქტომბერში დათმო. ამ დროისთვის ბილ გეითსის ქონება შეფასებულია 89 მილიარდ დოლარად. ცნობისთვის, 100 მილიარდიან ნიშნულს პირველად სწორედ ბილ გეითსმა მიაღწია, ეს მოხდა გასულ საუკუნეში, 1999 წელს, როცა მისი კომპანიის აქციების ფასმა მკვეთრად მოიმატა და მილიარდერის ქონება 100 მილიარდიან ნიშნულს გასცდა.
კოკა კვირკველია