2017 წელს „ლეოგრანდმა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისგან სარეკომენდაციო ნიშანი ვერ მიიღო

სასტუმრო „ლეოგრანდს“ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, რადგან დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა განუცხადა.

მისივე თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველ წელს გასცემს სარეკომენდაციო ნიშანს, რომელიც წელს სასტუმრო „ლეოგრანდმა” ვერ მიიღო.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არ არის ორგანო, რომელიც სასტუმრო და კვების ობიექტების გახსნაზე ან დახურვაზე ნებართვებს გასცემს ან რაიმე ტიპის მონიტორინგს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, რომელსაც ჰქვია „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, - განაცხადა სულხან ღლონტმა.

მისივე თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროების წარმომადგენლებს უტარებს ტრენინგებს, სემინარებს, რათა მივიდნენ საერთაშორისო ტიპის სტანდარტებამდე. სულხან ღლონტის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში, როცა დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო სარეკომანდაციო საბჭოს წევრებმა „ლეოგრანდის“ დოკუმენტაცია გვერდით გადადეს, რადგან არ იყო წესრიგში.

„ლეოგრანდთან“ დაკავშირებით სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმა მითხრეს, რომ დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში. „ლეოგრანდი“ 2017 წელს ჩვენს მიერ რეკომენდირებული არაა, რადგან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში“, - განაცხადა სულხან ღლონტმა.