საუდის არაბეთი მომავალი წლიდან ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს.
ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას ქვეყნის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების სურვილით ხსნის. ამ ნაბიჯით საუდის არაბეთი უკვე 2030 წლისთვის ტურისტების რაოდენობის 30 მილიონამდე ზრდას გეგმავს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 18 მილიონი იყო. ტურიზმიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავლების გაზრდას კი 47 მილიონ დოლარამდე 2020 წლისთვის აპირებს.
„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ის ხალხი, ვისაც უბრალოდ აინტერესებს ეს არაბული ქვეყანა და სურს შეიცნოს მისი ნამდვილი ხიბლი“, - განაცხადა პრინცმა სულთან ბინ სალმანმა CNNMoney-სთან ინტერვიუში. ბინ სალმანი გახლავთ საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული საგანძურის კომისიის ხელმძღვანელი.
როგორც ცნობილია, აქამდე ქვეყანაში შესასვლელად გაიცემოდა ორი ტიპის ვიზა: სამუშაო და სპეც-ვიზა მუსლიმი პილიგრიმებისთვის, რომლებიც ქვეყნის წმინდა ქალაქ მექაში ჩადიან მოსალოცად.
კოკა კვირკველია