ვის ევალებოდა სასტუმრო „ლეოგრანდის“ მონიტორინგი?

ბოლო დროს სახანძრო უსაფრთხოების საკითხების აქტუალობა და ამ საკითხების შესახებ გამოთქმული არასწორი ინტერპრეტაციები პასუხისმგებელი სუბიექტების შესახებ არაერთ შეკითხვას ბადებს. უცნაურია, რომ ბათუმში მომხდარი ხანძრის და შენობაში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ტურიზმის დეპარტამენტიდან ითხოვენ ინფორმაციას. მოქმედი კანონმდებლობით ეს საკითხი სხვაგვარადაა რეგულირებული და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოდაც არა ტურიზმის დეპარტამენტი, არამედ სხვა ორგანოებია განსაზღვრული. კერძოდ, ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, რომელსაც წარმოადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (დეპარტამენტი).

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონით განსაზღვრულია ის შენობა-ნაგებობები, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას და მათზე მუდმივი მონიტორინგი სახანძრო უსაფრთხოების მიზნით ევალება სწორედ აღნიშნულ სამსახურს და ეს ობიექტებია: მრავალფუნქციური შენობები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საგანმანათლებლო, სპორტული და სამედიცინო დაწესებულებები და სხვა.

ცალკე აღსანიშნავია, რომ სახანძრო უსაფრთხოების მონიტორინგს არ განეკუთვნება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები, რომელშიც 100 ნომერზე ნაკლებია. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პრაქტიკაში, რადგან სახელმწიფო მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება-კონტროლზე პასუხისმგებლობას არ იღებს. (მაგალითად, 2016 წელს ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. 13-ში დაგეგმილ 25 სართულიანი შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების და მომიჯნავე კორპუსების სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილი მშენებლობის უარყოფითი გავლენის შეფასებაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წერილობითი უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს მისი კომპეტენციაა არაა).

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 180 ნომერი იყო განთავსებული, შესაბამისად, აღნიშნული სასტუმრო სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ობიექტს წარმოადგენდა და მისი მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის #371 დადგენილების 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიიდანვე უნდა იწყებდეს.

იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სააგენტო ვალდებულია მოამზადოს წერილობითი დასკვნები სახანძრო საფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, სააგენტო ვალდებულია აწარმოოს სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდას სათანადო აქტის გაფორმებით, მათ შორის მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დროს.

როდესაც საუბარია შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში სააგენტოს ჩართულობაზე, აღსანიშნავია, რომ მისი ამ პროცესში მოწვევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი ექსპლუატაციაში მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს. თუკი ბათუმში მომხდარ ხანძარს გავითვალისწინებთ, პირველ რიგში დასადგენია, როდის მოხდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემა, მისი ექსპლუატაციაში მიღება და ბათუმის მერიის მიერ განხორციელდა თუ არა ამ პროცესში სააგენტოს ჩართულობა.

ასევე, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას: სასტუმრო „ლეოგრანდის“ ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, სახანძრო უსაფრთხოების საკითხების შემოწმება, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით ევალებოდა სააგენტოს, როდის განხორციელდა უკანასკნელად და თუკი არ განხორციელებულა, უნდა დაეკისროს თუ არა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირებს.

უჩა ზაქაშვილი, ექსპერტი სამშენებლო სამართალში