ბათუმის მერი - შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს. ამის შესახებ ბათუმის მერმა სასტუმრო "ლეოგრანდთან" ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

"2017 წლის 1 იანვრიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება სავალდებულო გახდა, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს. სწორად უნდა გავმიჯნოთ შემოწმების უფლებამოსილება ვის გააჩნია. ამ შემთხვევაში არც მერიას და არც ტურიზმის დეპარტამენტს არ გააჩნია უფლებამოსილება შეამოწმოს სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული პრეროგატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებს აქვს",- აცხადებს ლაშა კომახიძე.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.