სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედეროვე სასტუმროს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დღეს, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მრავალი მეთოდი არსებობს. ესენია: სახანძრო სიგნალიზაცია, ცეცხლსაქრობები, ხანძრის ჩაქრობის ავტომატიზებული სისტემები.
ისეთი რთული კონფიგურაციის ობიექტებისათვის კი, როგორიცაა თანამედროვე სასტუმრო კომპლექსები, ხანძრის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შეტყობინებისა და შიდა მაუწყებელობის სისტემა.
აღნიშნული სისტემის ზოგადი ფუნქციებია: შეტყობინება საგანგებო სიტუაციებში, რაც ავტომატურ რეჟიმში წინასწარ ჩაწერილი შეტყობინებების ტექსტის მიხედვით არის შესაძლებელი. სისტემას გააჩნია ევაკუაციის გეგმის ეტაპობრივი შეტყობინების პროგრამა – ჯერ ყველაზე სახიფათო ზონაში (მაგალითად, სახანძრო სიგნალიზაციის გადამწოდის მოქმედების ზონაში) და შემდეგ მთელი შენობის სხვა ზონებში; განცხადებების გადაცემა ცალკეულ ზონებში (მაგალითად, სასტუმროს ჰოლში, რესტორანში) ან მთელ შენობაში. რისთვისაც შესაბამის ადგილებზე (მაგალითად, დაცვის პოსტებზე, სასტუმროს ადმინისტრატორთან) დამონტაჟებული ე.წ. მრავალზონიანი მიკროფონის პანელები გამოიყენება.
სისტემაში შედის სხვადასხვა დანიშნულების, მახასიათებლებისა და დიზაინის, ხმამაღლა მოლაპარაკეების ფართო სპექტრი. აუცილებლობის შემთხვევაში ასევე გამოიყენება ხმის რეგულატორები და პროგრამების გადამრთველები აღჭურვილი სპეციალური რელეთი, რომელიც საგანგებო სიტუაციაში ავტომატურად გამორთავს ყველა შიდა პროგრამას და გადავა შეტყობინების რეჟიმზე.
გარდა ამისა, თითოეულ სასტუმროს საავარიო გასასვლელები და კიბეები, იმავე შენობაში განლაგებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს კი – ცალკე შესასვლელ-გასასვლელები უნდა ჰქონდეს.
ამასთან, სასტუმროს საევაკუაციო-საინფორმაციო სისტემის აუცილებელი ელემენტებია: დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად ჩართული საევაკუაციო განათება, ევაკუაციის მიმართულების მანათობელი მაჩვენებლები, შესამჩნევი საინფორმაციო ნიშნები, რომელთა საშუალებით სტუმრებს გაუადვილდებათ ორიენტაცია როგორც განსაკუთრებულ, ასევე სტანდარტულ სიტუაციაში.
გასასვლელების აღმნიშვნელი მაჩვენებლები - Exit, ჩვეულებრივ, დამაგრებულია კარების თავზე, გასასვლელების ზემოთ. მოძრაობის მიმართულების მაჩვენებელი ისრებიც – საკმაოდ მაღლა, დაახლოებით ფეხზე მდგომი ადამიანის სიმაღლის დონეზეა.
გარდა ამისა, სახანძრო უსაფრთხოების მყარი გარანტიაა სასტუმროს პერსონალის პროფესიონალიზმი, ექსტრემალურ სიტუაციაში ოპერატიული მოქმედების, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების უნარი.
წყარო: vet.ge