ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ გასულ კვირას სრულიად ახალი ელექტროძრავიანი სატვირთო Semi წარმოადგინა, ამ კვირას კი მისი ფასიც გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, ელექტრო-სატვირთოს ფასი 150 ათასი დოლარიდან დაიწყება საბაზისო ერთი დამუხტვით 300 მილის დაფარვის(482კმ) შემთხვევაში, ხოლო 500 მილის(805კმ) ტოპ ვარიანტის ღირებულება 180 ათასი დოლარი იქნება. ამასთან მსურველებმა დეპოზიტზე პირველადი შენატანიც 20 ათასი დოლარის ოდენობით უნდა განახორციელონ და მოდელის პირველ ლიმიტირებულ სერიაში კი 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ. როგორც Semi-ს პრეზენტაციაზე კომპანია Tesla-ს ხელმძღავანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, მყიდველი მოგებული დარჩება ტრადიციული, დიზელის ძრავიან სატვირთოსთან შედარებით, რადგან მასზე დანახარჯი უფრო ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ელექტრო სატვირთოს სერიული წარმოება 2019 წლიდან დაიწყება და ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა J.B. Hunt, Meijer, და Walmart-მა პირველი შეკვეთები უკვე განახორციელეს.
როგორც გამოცემა Business Insider წერს, კომპანიის მიერ გამოქვყენებული ფასები აღემატება Morgan Stanley-ის ანილიტიკოსების მხრიდან ნავარაუდევს. ისინი სატვირთოს მაქსიმალურ ფასს 100 ათას დოლარს ასახელებდნენ. ანალიტიკოსების ნაწილი კი იმასაც ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან აქცენტის გაკეთება მაღალ ფასზე ამ კომპანაიში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე მიანიშნებს. ცნობილია , რომ „ტესლა“ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ვერ აწვდის მყიდველს მის ყველაზე მოთხოვნად მოდელს Model 3-ს, რომელზეც სულ ცოტა 450 ათასი წინასწარი შეკვეთა არსებობს და კომპანიას მყიდველების მხრიდან განხორციელებული პირველადი შენატანიც აღებული აქვს. ამაზე მეტყველებს ავტომობილის წარმოების ციფრიც, კომპანიას სექტემებრში 1500 მოდელი უნდა ეწარმოებინა, თუმცა მხოლოდ 260 ეგზემპლარი გამოუშვა.
კოკა კვირკველია