28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს, წარმომადგენლობითი და მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, საკუთარი რესურსების უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
მათივე ცნობით, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა საქართველოს მთავრობა, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების განვითარების პოლიტიკას ერთი პლატფორმის ქვეშ და სხვადასხვა ქვეყნების კონკრეტულ უპირატესობებს ერთმანეთთან ათავსებს.
„საქართველო, არა მხოლოდ პოლიტიკურად უჭერს მხარს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას, არამედ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციასაც ხარჯავს საკუთარი სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან მოსაყვანად.
გასათვალისწინებელია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის უმოკლესი გზა ჩინეთსა და ევროპას შორის. დღეს მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ.
გარდა ამისა, ლოგისტიკური პოტენციალიდან გამომდინარე, მომგებიანია საქართველოში ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა, ასევე რამდენიმე ახალი მიმართულების განვითარებაც, მაგალითად, ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ზონების შექმნა და განვითარება.
აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებას ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან აქვს გაფორმებული. კერძოდ, საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ასამოქმედებლად. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ინდოეთთან, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის იქნება დამატებითი გასაღების ბაზარი საკუთარი პროდუქციისთვის.
საქართველოს მთავრობა ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სავაჭრო ურთიერთობების მაქსიმალური გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის ეფექტიანი პროექტების განხორციელებით. შედეგად, ყოველწლიურად არა მხოლოდ იზრდება საქართველოს ექსპორტი, არამედ ექსპორტის სტრუქტურაში გამოჩნდა ახალი პროდუქტები და შემცირდა ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც საქართველოს აქვს, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისთვის შეადგენს არა 3,7 მლნ ადამიანს, არამედ 2,3 მლრდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ვრცელდება.
ვფიქრობთ, ფორუმის მონაწილეებისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება საქართველოს გამოცდილების მოსმენა ბიზნესის სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით. ისინი მოიცავენ როგორც უშუალოდ საქმიანი ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამებს, როგორიცაა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ანდა საქართველოს მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის, „InnovFin“, რომელიც მოიცავს სესხებსა და გარანტიებს და ძირითად მიზანს ფინანსური ინსტიტუტებისთვის ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო ცვლილებები, რომელმაც ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებს, მოგების გადასახადის რეფორმის სახით მხოლოდ 2017 წლის პირველ 10 თვეში 370 მლნ ლარი დაუტოვა განვითარებისთვის. ქართული მოდელია, რომლის შედეგიანობასაც საქართველოს ხალხი მალე დაინახავს.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისგან ჩვენ ველოდებით არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტის განხორციელებას, რომელშიც ქართულ ბიზნესთან ერთად, რეგიონის სხვა ქვეყნების კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას“, - განმარტავენ უწყებაში.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ფორუმზე გაკეთდება პრეზენტაციები, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის, რომლის ნაწილია საქართველო.
„აგრეთვე მნიშვნელოვანია, რათა ფორუმის უცხოელმა მონაწილეებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, როგორც საუკეთესო ადგილი გლობალური ინვესტიციების განსახორციელებლად რეგიონში. ასევე მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელთა მიზანსაც საქართველოს შესაძლებლობების უკეთ წარმოჩინება წარმოადგენს.
ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და ტრანს რეგიონული თანამშრომლობა აღნიშნულ სექტორში, ციფრული განვითარება, - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც საუბარი იქნება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე.
ეს მიმართულებები და აგრეთვე სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხები უაღრესად აქტუალურია სწორედაც რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი ფორუმი არის 2015 წლის თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის ლოგიკური გაგრძელება. ორი წლის წინ ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ე.წ. შუა დერეფნად იქნა მოხსენიებული. საქართველო აღნიშნული დერეფნის შემადგენელია.
მათივე ცნობით, აღნიშნული დერეფნის განვითარება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთების მოცულობას და დადებითად აისახება არა მხოლოდ საქართველოს, ჩვენი რეგიონის განვითარებაზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია არაერთი მემორანდუმის გაფორმება, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.
„სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი პორტი - ბაქოს საზღვაო ნავსადგური ანაკლიის პორტთან თანამშრომლობას გეგმავს.
შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ბაქოს საზღვაო ნავსადგურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სწორედ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მოეწერება.
დოკუმენტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, არამედ, ევროპა - აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებას. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედების შემდეგ, თანამშრომლობა ბაქოს ნავსადგურთან ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის პროცესსა და საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი დერეფნის შემდგომ განვითარებას“, - განმატავენ უწყებაში.
გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტში ჩინური კომპანია „See Power“ მიიღებს მონაწილეობას. თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში, ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს (GIG) და საპარტნიორო ფონდს შორის გარდაბნის 300 მგვტ-იანი სიმძლავრის ევერგეტიკული პროექტის განხორციელების პროცესში, ჩინური კონცერნის „See Power“-ის მონაწილეობის შესახებ.
„ჩვენ, საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფორუმის მეშვეობით, ვქმნით ნაყოფიერ პლატფორმას კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდეს როლს შეასრულებს საქართველოს, როგორც რეფორმატორი და ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დადებითად წარმოჩინებაში.
ჩვენ ის დაგვეხმარება, მოვახდინოთ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადო პრეზენტაცია, რომლითაც ხელს შევუწყობთ მათი განხორციელების პროცესში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.
გარდა ამისა, ეს იქნება დიდი სტიმული კერძო სექტორისთვის, რათა მათ თამამად წარმოაჩინონ საკუთარი ბიზნეს იდეები და მათ განსახორციელებლად პოტენციური პარტნიორები იპოვონ.
ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისში, ფორუმის სხვადასხვა სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და მსხვილი ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კავშირგამბულობისა თუ სხვა სექტორული მიმართულების კორპორაციების გადაწყვეტილების მიმღები პირები. მეტიც, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი კიდევ უფრო წარმომადგენლობითი ხდება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. თბილისს ეწვევიან უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები.
ფორუმში მონაწილეობს 60-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის, მედიისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.
„ეს ნიშნავს, რომ თბილისში უნდა ველოდოთ ძალიან ნაყოფიერ შეხვედრებს, რაც არის კიდევ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - გახდეს რეგიონული მნიშვნელობის პლატფორმა აბრეშუმის გზის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა - მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა.
ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.