მამუკა ბახტაძე - საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება

საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, როცა თბილისში ”აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება, ამის ნათელი დადასტურებაა.

"დღევანდელ ფორუმში მონაწილეობს 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც გახლავთ უნიკალური მოვლენა. თქვენ ვერ ნახავთ კომპანიას, სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომ არ მონაწილეობდეს ამ ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი, მათ შორისაა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი. მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და ”საქართველოს რკინიგზას” შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს უკეთესად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ”საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და სხვა",- განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, ბახტაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტის განვითარება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას კონკურენციას გაუწევს.

"ჩვენ არაერთხელ აგვიღნიშნავს ის, რომ საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ აბსოლუტური პრიორიტეტი. რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას, ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. თქვენ თუ მოუსმენთ მოსაზრებებს, რომელსაც აფიქსირებენ ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს პირიქით, დაეხმარება, შექმნის სინერგიას და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს",- განაცხადა ბახტაძემ.