დავით სერგეენკო - შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს

სამინისტროების რეორგანიზაციამდე წარდგენილი პირველადი ბიუჯეტი შეიცვალა, შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს - მინისტრების ხელფასებს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემცირება არ იქნება მასშტაბური.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტროების რეორგანიზაციამდე წარდგენილი პირველადი ბიუჯეტი შეიცვალა და მეორე, ადაპტირებული ანუ გადამუშავებული ბიუჯეტი იქნება რეორგანიზაციის შესაბამისი. მე ვფიქრობ, ამ გადამუშავებულ ვარიანტში გამოჩნდება ახალი გადანაწილება და სტრუქტურა. ამ სახის რეორგანიზაცია, როცა ერთეულები მცირდება, თავისთავად გამოიწვევს შემცირებას დანახარჯებისა, თუმცა, ეს არ იქნება მასშტაბური შემცირება, რადგან ძირითადი ფუნქციური ერთეულები, რომლებიც მუშაობდნენ, სხვადასხვა სამინისტროში, თუ ერთ სამინისტროში, მაინც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება. შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს - მინისტრების ხელფასებს, ადმინისტრაციულ სამსახურებს და ალბათ იმ სამსახურებს, რომლებიც გაერთიანდებიან", - განაცხადა სერგეენკომ.