ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ უკვე მოახდინა.
„დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ტერიტორიაზე”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ.
„ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.