საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, ამის შესახებ კომენტარი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ციენ ქემინგთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით აქცენტი ტურიზმზე გააკეთა. კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღეს მზარდი ტურისტული ნაკადი აქვს, თუმცა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი.
„მიგვაჩნია, რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის ეს არის გრანდ კომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა, ასევე არის სათბურების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.