სამშაბათის სავაჭრო სესიის დროს, ოქროს ფასმა კლება დაიწყო და წინა დღით დაფიქსირებულ, ბოლო ექვსი კვირის მაქსიმუმს დაშორდა.
ინვესტორები ამჟამად აშშ-ის ფედერალური სარეზევო სააგენტოს მომავალი ხელმძღვანელის დანიშვნას და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მის პირველ კომენტარებს ელიან.
კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ყვითელი მეტალის ფასი 2 დოლარით (დაახლოებით 0.2 პროცენტით), 1 292.80 დოლარამდე შემცირდა. არადა, წინა სესიაზე 1 299.00 დოლარს მიაღწია, რაც 16 ოქტომბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ამ ზრდის მთავარი მიზეზი კი დოლარის ინდექსის კლება იყო.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედის ხელმძღვანელის პოსტზე ჯერომ პაუელი შეარჩია, რომელიც დღეს სენატის წინაშე წარსდგება. გამოსვლისას, ის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრებს. ცნობილია, რომ პაუელს ამ საკითხზე დაახლოებით ისეთივე შეხედულებები აქვს, როგორიც ფედრეზერვის ახლანდელ შეფ ჯანეტ იელენს.
ამერიკის ცენტრალური ბანკი წელს ბოლო სხდომას 12-13 დეკემბერს გამართავს. ინვესტორები და ანალიტიკოსები ელიან, რომ ფედრეზერვი მასზე (წელს) მესამედ ასწევს დოლარზე საპროცენტო განაკვეთს. მაგრამ ამ ეტაპზე, ყველაზე საინტერესო ისაა, თუ მომავალ წელს განაკვეთის აწევა რა სიხშირით მოხდება. ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ ეს პროცესი შენელდება, რისი მიზეზიც, ინფლაციის ზრდის არასაკმარისი ტემპია.
ოქრო დოლარის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. როცა ამერიკულ ვალუტასთან დაკავშირებით რაიმე გაურკვევლობაა, ოქროზე, როგორც რისკებისგან თავშესაფარ მთავარ აქტივზე მოთხოვნა მაშინვე იზრდება.