სარწყავი არხები რწყვის სეზონისთვის მზადაა

საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ 2014 წელს წინა წლებთან შედარებით სამჯერ მეტი ფართობი გასარწყავდება- სულ 88 ათასი ჰექტარი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ, სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა ზემოსამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხს, მასზე არსებულ გვირაბებს და შიდა ქსელებს. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგა ზემოსამგორის სარწყავი სისტემის წყლის გამტარუნარიანობა. სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება 4500 ჰა ფართობზე, ხოლო დამატებით წყალუზრუნველყოფილი გახდება 2000 ჰა ფართობი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა 306 ობიექტზე, აქედან, 300 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის განხორციელება საშუალებას მისცემს ფერმერებს, 40-50%-ით გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.