გადამზიდავმა კომპანიებმა "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტი აქციით გააპროტესტეს

"საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად, გადამზიდავმა კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ცვლილებების თანახმად პრივილეგირებულ მდგომარეობაში მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" იქნება, რომელიც ბაზრის მონოპოლისტი გახდება, სხვა ოპერატორ კომპანიებს კი დამოუკიდებლად არ შეეძლებათ საქმიანობა და ისინი "საქართველოს ფოსტასთან" მიბმულები იქნებიან.

გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, თუ კანონპროექტის ამჟამინდელ ვერსიას მიიღებენ, მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურად როგორც მიღებას, ისე გაგზავნას, გადაზიდვას.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებელისგან ავტორიზაციას მიიღებენ.

გადამზიდავი კომპანიები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

კომპანიების ბრალდებებს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საფოსტო კანონმდებლობის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის მზად და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ფოსტა ძალიან ბევრ ქვეყანაში სარგებლობს გარკვეული მონოპოლიებით, რომელიც გამომდინარეობს იმ მომსახურებებიდან, რომელიც კომერციულად არ არის მიმზიდველი და სახელმწიფო ფოსტა ახორციელებს. რაც შეხება ამანათის წონას და ა.შ. ამაზე მსჯელობა მიდის და ჩვენ მზად ვართ, შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.