რექს ტილერსონი – მსოფლიო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეაზე ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა განახორციელოს

მსოფლიო თანამეგობრობამ ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა განახორციელოს ჩრდილოეთ კორეაზე. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

მისი თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაჭრა კვლავ აქტუალური რჩება.

„ამ მომენტისთვის ყველა დიპლომატიური ვარიანტი ღია რჩება. აშშ კვლავ მხარს უჭერს დენუკლეარიზაციის მშვიდობიანი გზის გამოძებნას და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აგრესიული ქმედებების შეწყვეტას“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ გმობს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვებას.

„ფხენიანის ქმედება საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნებს და გლობალურ სტაბილურობას. ყველა სახელმწიფომ ჩრდილოეთ კორეაზე ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება უნდა განაგრძოს“, - დასძინა მან.

გუშინ ღამით ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 210 კილომეტრში ჩამოვარდა. არანაირი ზარალი არ დაფიქსირებულა.