ნოდარ ხადური: საქართველო წელს ეკონომიკის სულ მცირე, 5 პროცენტიან ზრდას მიაღწევს

გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი განმარტებით, პირველი კვარტლის დამაიმედებელი პროგნოზი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ წელს საქართველო სულ მცირე 5 პროცენტიან ზრდას მიაღწევს.

"პირველი კვარტლის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას. რაც შეეხება წყაროებს, გასახარი ის არის, რომ არის ექსპორტის ზრდა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის გააქტიურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონონიკურ ზრდასთან მიმართებაში ჩვენი გეგმა არ არის შეცვლილი,” - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციით, იანვარში ზრდა 8,2 პროცენტი იყო, თებერვალში დაახლოებით - 5,5 პროცენტი, 8 პროცენტზე მეტი იყო მარტშიც, კვარტალურად კი აღნიშნული მაჩვენებელი 7,4 პროცენტს შეადგენს.