თბილისში საველოსიპედო ბილიკების მოწყობა 4 მარშრუტზეა დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაშია საუბარი.
როგორც განახლებულ გენგეგმაშია აღნიშნული, საველოსიპედო ბილიკები მოეწყობა: სახელოვნებო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების; ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის; ავტოსადგურ ოკრიბას, წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირების და მარჯვენა სანაპიროსა და სამინისტროების მიმდებარე ტერიტორიის ხაზებზე.
გენგეგმის მიხედვით, სახელოვნებო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხაზი მოიცავს: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას; სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხაზი აერთიანებს: ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ და მეექვსე კორპუსებს; საქართველოს უნივერსიტეტს; სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს. ხაზი ასევე უკავშირდება - თბილისის მერიას, მოდულის შენობასა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას.
ავტოსადგურ ოკრიბას, წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირების ხაზი აერთიანებს: ავტოსადგურ ოკრიბას; შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას; დინამოს სტადიონს; მუსკომედიის თეატრს; მარჯანიშვილის მოედანს; აღმაშენებლის ქუჩასა და საფეხმავლო ნაწილს. ამ მარშრუტის დამაკავშირებელი ბილიკები კი - გრიგოლ რობაქიძის გამზირს; არსებულ რკინიგზის სადგურს; მარჯანიშვილის თეატრს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მოიცავენ.
მარჯვენა სანაპიროსა და სამინისტროების მიმდებარე ტერიტორიის ხაზი კი ქალაქის ორივე ნაპირზე განთავსებულ დაწესებულებებსა თუ საცხოვრებელ უბნებს შემდეგ ობიექტებთან აკავშირებს: საქართველოს პროკურატურა; იუსტიციის სამინისტრო; გარემოს დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; დაცული ტერიტორიების სააგენტო; ფინანსთა სამინისტრო; შემოსავლების სამსახური; ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ორთაჭალის ავტოსადგური. ამასთან, მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ ბილიკს მეტეხის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბილიკი უკავშირდება და გრძელდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე.
მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმის საჯარო განხილვები მიმდინარეობდა. რის შედეგადაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა