„თიბისი ბანკმა“ ”EIB ჯგუფთან“ 94 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო პორტფელის გარანტიის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

”თიბისი ბანკმა” ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (EIB Group) 94 მილიონი ევროს ღირებულების ორ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ბანკის ინფორმაციით, 80 მილიონი ევროს ღირებულების საგარანტიო ხელშეკრულება „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin)“ საქართველოში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოებისა განვითარებას მოხმარდება, ხოლო 14 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ითვალისწინებს მიკრო საწარმოების განვითარებას.

InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება დააზღვევს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. მეორე საგარანტიო შეთანხმება EU4Business კი დააზღვევს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული თითოეული სესხის 70%-ს.

„ამ ორი საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან“ ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. საგარანტიო პროდუქტების მოცულობა და სტრუქტურა საკრედიტო რისკების შემცირების გამო, საშუალებას მისცემს „თიბისი ბანკს“ ხელი შეუწყოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და განვითარებას. ქართულ საფინანსო სექტორში საგარანტიო საშუალებების შემოტანა მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის ზრდისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ამ ინოვაციური პროდუქტების შემოტანით, „ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ და „ევროპის საინვესტიციო ფონდთან“ ჩვენი წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ გარიგებას განვახორციელებთ მომავალში“, - განაცხადა ”თიბისი ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ მხარდაჭერა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, გააძლიერებს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობას, რაც უზრუნველყოფს ამ სექტორის ზრდას და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნას.

„გარდა ამისა, ეს სექტორი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საშუალო ფენის კიდევ უფრო განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას და ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას.

მე მივესალმები ორი საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოში. „თიბისი ბანკი“ წამყვანი ქართული ბანკია, რომელიც აქტიურად აფინანსებს მცირე და საშუალო საწარმოებსა და კომპანიებს. დღევანდელი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბანკს გააფართოვოს თავისი დაფინანსების არეალი, რაც სარგებელს მოუტანს ქართულ კომპანიებს“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.