”ვირის სკანდალის”  შემდეგ ”შაურმის ინდექსი” ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

თბილისში შაურმაზე მოთხოვნა ისევ გაიზარდა.

ვირის ხორცისა და შაურმის სკანდალის შემდეგ, როგორც საშაურმეებში ამბობენ, კლიენტთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ახლა ტენდენცია შეიცვალა და სწრაფი კვების ობიექტებში მომხმარებლების რაოდენობამ იმატა.

როგორც საშაურმეებში აცხადებენ, ვირის ხორცის სკანდალი ხელოვნურად აგორებული თემა იყო, რაშიც დღეს უკვე ყველა დარწმუნდა.

"ეს იყო სისულელე, ვირის ხორცი არცერთ საშაურმეში არ ყოფილა. ვირის ამბებმა რა თქმა უნდა, გავლენა იქონია შაურმის გაყიდვებზე, მაგრამ როცა დარწმუნდა ხალხი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და არცერთ საშაურმეში ვირის ხორცით დამზადებული შაურმა არ იყიდებოდა, კლიენტთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა", - აცხადებს ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მეშაურმე.

საშაურმეებში ამბობენ, რომ ზოგჯერ მათთან შაურმის მსურველთა რიგები დგას და კლიენტთა მომსახურებას ვერ აუდიან. რაც შეეხება ფასებს, შაურმაზე ფასი ზოგ საშაურმეში ბოლო დროს გაიზარდა.

როგორც სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში ამბობენ, ცოტა ხნის წინ პატარა შაურმა 50 თეთრით გააძვირეს, სტანდარტული და ყველა სხვა ზომის შაურმა კი - 1 ლარით.

მომსახურე პერსონალი ფასის ზრდის მიზეზს ვერ აკონკრეტებს. ზოგან კი ფასის მომატებას ხორცის ფასის ზრდას უკავშირებენ, თუმცა, კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ.

იქ, სადაც ბოლო დროს შაურმის ფასი არ შეცვლილა, პატარა შაურმა 3.50 ლარი ღირს, სტანდარტი - 5 ლარი, დიდი - 7, XXL კი - 9 ლარი.

Videobpn

”ვირის სკანდალის” შემდეგ შაურმის ინდექსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა