რა ოდენობის ალკოჰოლური სასმელის შემოტანა შეეძლებათ მგზავრებს საზღვარზე - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება

მგზავრების მიერ საქართველოს საზღვარზე პირადი ბარგით შემოსატანი სასმელის ლიმიტები იცვლება.

ამის შესახებ, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები. აღსანიშნავია, რომ მგზავრის მიერ საქონლის იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს პირადი მოხმარების მიზნით და არ უნდა ჰქონდეს სამეწარმეო ხასიათი“, - წერია განმარტებით ბარათში.

როგორც ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ, მოქმედი რედაქციით 4 ლიტრი ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა იყო დასაშვები.

ცვლილებების თანახმად კი დასაშვები იქნება: 4 ლიტრი ფერმენტირებული ღვინის; 16 ლიტრი ლუდის; 1 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა, ალკოჰოლის შემცველობით 22% და მეტი, ან არადენატურირებული ეთილის სპირტი ალკოჰოლის შემცველობით 80%-ი და მეტი და 2 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმლის - რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22% -ზე ნაკლები იქნება. დასაშვებია პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული ალკოჰოლიანი სასმელების კომბინაცია 100%- ის ოდენობით.