ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის, „ავატარის“ მეორე ნაწილზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და როგორც მისი რეჟისორი ჯეიმს კამერონი აცხადებს, ფილმის მეორე და მესამე ნაწილების გამოსვლა გადაწყვეტილია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ნაწილს, კომპანია 20th Century Fox გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მეორე და მესამე ნაწილის ფინანსური შედეგები გახდება ცნობილი. ეს განცხადება კამერონმა ფილმის მიმართ ამჟამად არსებული ინტერესიდან გამომდინარე გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად პირველი ფილმის რეკორდული შემოსავლებისა, არ არის გარანტია, რომ ფილმის შემდეგი ნაწილები პირველივით წარმატებული იქნება.
„ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება მივყვეთ კონკრეტულ სცენარს და აუცილებლად გადავიღოთ რამდენიმე ნაწილი, როგორც ეს მაგალითად „ჰარი პოტერისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, თუ ვნახავთ, რომ ფილმი შემოსავლებს ვერ იღებს, უბრალოდ, უარს ვიტყვით მის გაგრძელებაზე“ - განაცხადა ჯეიმს კამერონმა.
მიუხედავად ასეთი ვარაუდისა, ჯეიმს კემერონი აცხადებს, რომ მეორე ნაწილის გადაღებისას სრულიად ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს და ის საკმაოდ რთულია, რადგან მოვლენები მთლიანად წყალქვეშ ვითარდება და შესაბამისად, გადაღებების დიდი ნაწილი წყალქვეშ წარიმართა. როგორც ცნობილია, ფილმის პირველი ნაწილიც ინოვაციური იყო და ის გახლდათ პრაქტიკულად პირველი ფილმი, რომელმაც საფუძველი დაუდო პოპულარულ 3D ტექნოლოგიას დიდ ეკრანებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 2009 წელს გამოსული ავატარის პირველი ფილმის სალარო შემოსავლებმა 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი შემოსავალია ერთი ფილმისთვის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილოსანი ფილმი „ტიტანიკიც“ ჯეიმს კამერონის გადაღებულია და მისი შემოსავლებიც 2 მილიარდზე მეტია.
კოკა კვირკველია