რუსულ ტელეარხ Russia Today-ს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაცია მას შემდეგ გაუუქმეს, რაც ტელეკომპანია ქვეყანაში, როგორც უცხოური აგენტი, ისე დაარეგისტრირეს.
ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში რადიო და ტელევიზიის კორესპონდენტების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა კრეიგ კეპლენმა განაცხადა.
„აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება Russia Today-ს კორესპონდენტებისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კომპანია T&R Productions, LLC (T&R), რომელიც Russia Today-ს ამერიკის განყოფილებას ემსახურება, დარეგისტრირებული იყო, როგორც უცხოური აგენტი“, - აღნიშნა კრეიგ კეპლენმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.
კრეიგ კეპლენმა ასევე მოუწოდა Russia Today-ს კორესპონდენტებს, კონგრესის საშვები უკან დააბრუნონ.