მართვის მოწმობის გამოცდების ეს სისტემა ერთ-ერთი ურთულესია.
განვითარებულ ქვეყნებში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ რთულია და ძვირი სიამოვნებაცაა. ამ მხრივ, ერთ-ერთი რთული გზის გავლა, ახალ მძღოლებს ფინეთში უწევთ.
► იქ მართვის B კატეგორიის ლიცენზიის ასაღებად, სწავლის სამი ეტაპია გასავლელი, რაც ჯამში 2 400-2 600 ევრო ჯდება.
სწავლის ეს სისტემა 1970-იან წლებში შეუმუშავებიათ და მას სკანდინავიურ სისტემასაც უწოდებენ. პირველი, ძირითადი ეტაპი ორი თვე გრძელდება. ამ პერიოდში გასავლელია თეორიული კურსი, რაზეც 20 საათია გამოყოფილი და პრაქტიკული კურსი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 20 საათია.
►
საინტერესოა, რომ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, კურსანტებს მართვას ყველა ტიპის საფარზე ასწავლიან - იქნება ეს ასფალტი, გრუნტი, თუ სხვადასხვა ტიპის სრიალა ზედაპირი.
დაახლოებით 20 საათია საჭირო თვითგანათლებისთვისაც - ავტოსკოლა საკუთარ საიტზე იძლევა სპეციალურ დავალებებს, რომლებიც განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს. პროგრამა იმასაც აქცევს ყურადღებას, თუ რა დრო დასჭირდა კურსანტს დავალების შესასრულებლად.
პირველი საშუალედო ეტაპის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელიც კომპიუტერზე, ნახევარი საათის განმავლობაში ტარდება და მართვის გამოცდასაც მოიცავს, კურსანტი მართვის დროებით მოწმობას მიიღებს, რომელიც დაახლოებით ორი წელი მოქმედებს. ამ დროს, მას შესასრულებელი აქვს ნორმა - თუ დროებითი მოწმობის ფლობისას, წელიწადში ორჯერ დაარღვევს მოძრაობის წესებს, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთმევა.
► გარდა ამისა, დროებითი მოწმობის მფლობელი ვალდებულია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში აწარმოოს თვითგანათლების (ელექტრონული) დღიური, რომელსაც მისი ინსტრუქტორი აუცილებლად კითხულობს.
მას შემდეგ, რაც კურსანტი წარმატებით გაივლის ორწლიან პერიოდს, მას მეორე და მესამე ეტაპების გავლაც მოუწევს. ამ ეტაპებზეც კვლავ გაივლის მართვის თეორიას და პრაქტიკული მეცადინეობისას, ჩვევების გაუმჯობესებაზეც ავარჯიშებენ. ამ დროს, მას მოსახვევების სხვადასხვა ტრაექტორიით გავლას, სწრაფად მართვას, სიბნელეში და მოყინულ გზაზე მართვას ასწავლიან.
ამასთან, ფინეთში პრაქტიკული მეცადინეობები ორ ნაწილად არის დაყოფილი. ესაა მართვა ზაფხულში და მართვა ზამთარში. აუცილებელია ორივე ნაწილის წარმატებით გავლა, რის შემდეგაც, კურსანტი სრულფასოვან ლიცენზიას მიიღებს. ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ნაწილის გავლა. მაგალითად, ზამთრისა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიაში იქნება მონიშვნა იმისა, რომ მძღოლს გავლილი არ აქვს მეორე ნაწილის გამოცდა. ამიტომ ასეთი ლიცენზია იმოქმედებს მხოლოდ იმ ექვსი თვის განმავლობაში, რა დროსაც ფინეთში ზამთარი გრძელდება. მაგრამ ზაფხულის პერიოდში ასეთი ლიცენზია არ იმოქმედებს.
► მესამე ეტაპი მოიცავს ექსტრემალურ სიტუაციებში ავარიის თავიდან აცილების ჩვევების შესწავლას და ის სპეციალურ პოლიგონებზე ტარდება, როგორებიც ფინეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქთან არსებობს.
ზამთარში ასეთი პოლიგონები ყინულით იფარება, ზაფხულში კი მის გზებზე წყლის და ზეთის ნარევს ასხამენ, რათა მოყინული გზის იმიტაცია შექმნან. ასეთ პოლიგონებზე ასწავლინ ავტომობილის მართვას, როცა ის მოსახვევს მოქნევით გადის. კურსანტს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როცა ავტომობილი დატრიალდება. გარდა ამისა, კურსი მოიცავს ექსტრემალურ დამუხრუჭებას, ასევე დამუხრუჭებისას და მოსრიალებისას ავტომობილის მართვას.
პოლიგონზე მეცადინეობისას, კურსანტები ავტომობილს დასაშვები, უსაფრთხო სიჩქარით მართავენ. სწორედ ასეთ სიჩქარეზე სწავლობენ მოქნევის გასწორებას და ექსტრემალურ დამუხრუჭებას, ასევე დამუხრუჭებისას ავტომობილის მართვას. საწყისი სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, შემდეგ კი ის 5 კმ/სთ-ით იზრდება. ამ დროს კურსანტი თავად რწმუნდება იმაში, თუ რა საფრთხეს შეიცავს ავტომობილის სიჩქრის თუნდაც მცირედით გაზრდა.
სწავლებისას ასევე იყენებენ სპეციალურ ტრენაჟორს, რომელსაც ”ამობრუნებულ ავტომობილს” უწოდებენ. მასში მეცადინეობისას, კურსანტები უფრო მძაფრად აღიქვამენ სიტუაციას, როცა ამოტრიალებულ ავტომობილში, სივრცით ორიენტაციას კარგავენ. სალიცენზიო კურსი ასევე მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების პრაქტიკულ ვარჯიშებს. დაბოლოს, გამოსაშვები გამოცდები ბარდება სპეციალურ ორგანიზაციებში, რომლებიც ავტომობილების ტექშემოწმებასაც ატარებენ.
► ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ, კურსანტი მუდმივ ლიცანზიას მიიღებს, რომელსაც 15-წლიანი ვადა აქვს. მისი ამოწურვის შემდეგ, მძღოლმა ხელახლა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ფინეთში ავარიები ძალიან იშვიათია და საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ევროპელებსაც კი აოცებს...
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო”