ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა - ევრორეგულაციები და რისკების მინიმალიზება

თუ ავტომობილი გყავთ, მალე ახალი საზრუნავი შეგემატებათ. ავტომობილის შენახვის ხარჯებს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ფასი გაზრდის.

საქართველოში 2013 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა. 5510 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 8245 ადამიანი დაზარალდა, 514 კი დაშავდა. როგორ მოხდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ამის შესახებ შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს.

შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დაზღვევაა. ასეა ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც დაახლოებით 900 000 ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით 30 000-მდე ავტომობილი დაზღვეულია.

პრობლემის მოგვარება, ქვეყანაში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით იგეგმება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როდის იქცევა ის კანონად, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ აისახება ეს ავტომფლობელთა ჯიბეზე და რა რეგულაციებს შემოიღებს დაზარალებულსა და მზღვეველს შორის.

როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, საქართველოში ამ კანონისთვის პირველად მოხდება დაზღვევის ტარიფის პროფესიონალური გაანგარიშება. პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი მათემატიკოსები, უცხოელი ექსპერტები და შეჯამების შედეგად ოპტიმალური სატარიფო ფორმულა ჩამოყალიბდება.

ავტომფლობელთა პასუხიმგებლობის დაზღვევა თითქმის მთელ მსოფლიოში სავალდებულოა.მაგალითად, შვეიცარიაში ამ კატეგორიის დაზღვევა ჯერ კიდევ 1929 წლიდან მოქმედებს. ევროინტეგრაციის მოსურნე საქართველოს, ამგვარი კანონის მიღებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის ამოქმედება მოქალაქეებისთვის ბევრ პრობლემას მოაგვარებს. "ამავდროულად გაიზრდება კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე. ერთი მხრივ, კომპანიები აღმოჩნდებიან ინფრასტრუქტურული განვითარების აუცილებლობის წინაშე, მეორე მხრივ კი მიიღებენ ფინანსურ ეფექტს", - განმარტავს გიგოლაშვილი.

ვარაუდობენ, რომ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი 14 კომპანიიდან აღნიშნულ პროდუქტს მომხმარებელს 7-10 კომპანია მაინც შესთავაზებს. კანონმდებლები გვაიმედებენ, რომ კანონი არ დაუშვებს ბაზარზე მონოპოლიას.

არსებობს ეჭვი, რომ ეს კანონპროექტი იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომლებიც ხელისუფლებამ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ჩამოაშორა, ერთგვარი კომპენსაციაა. ამ მოსაზრებას გიგოლაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება და განმარტავს, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრმაში მონაწილეობა სადაზღვევო კომპანიებისთვის ერთგვარი მძიმე ტვირთი იყო, რომელიც წინა ხელისუფლებამ აკიდა და კომპანიების გაკოტრების მიზეზიც კი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, საქართველოში 2004 წლამდე მოქმედებდა. იგი ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებაზე იყო მიბმული. ექსპერტთა ერთი ნაწილი დაზღვევის ამ ფრომას უსამართლოდ მიიჩნევდა, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ტექდათვალიერების გაუქმების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკები კიდევ უფრო გაზრდილია.