საკრებულოებში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობა - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შემოდის

საკრებულოებში ახალი თანამდებობა - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შემოდის, რაც ანაზღაურებადი პოსტი იქნება.

ამასთან, დგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება ფრაქციის წესდებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში” ხორციელდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა - გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს.

იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობა ანაზღაურებადია, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას ახდენს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების და საკრებულოს თანამდებობის პირების არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა თვეში დაახლოებით 87 ათასიდან 282 ათას ლარამდე შეადგენს.

”კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს”, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.