კომპანია "სილქნეტი" ტელევიზიის პაკეტს არ გააძვირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ავრცელებს. მისი განცხადებით, ქართულ არხებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
შესაბამისად, "სილქნეტის" ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, 6-ვე ქართული არხი ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება. საუბარია, "რუსთავი 2-ზე", "იმედზე", "ჯიდიესზე", "მარაოზე", "მაესტროსა" და "კომედი არხზე".
ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, მოცემულ არხებზე გადახვევის სტანდარტული რეჟიმიც ეტაპობრივად აღდგება.
მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში სამაუწყებლო არხების - „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე ექსკლუზიური უფლება ჰქონდა.
წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული არხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. "მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.