დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.
როგორც თბილისის მერია იუწყება, თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.
აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლევან ჯღარკავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„თბილსერსვის ჯგუფს“ საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ის განათებები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯა.
„საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღით დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.
დღემდე „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.