საქართველოში ჰიბრიდული და ეკოავტომობილების აწყობას ჩინეთიდან შემოსული ნაწილებით აპირებენ.
ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის, მაგრამ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები წამოწყებას დადებითად აფასებენ, თუმცა თუკი პირველად წარმოებული ავტომობილები ხარისხიანი არ იქნება, შემდგომში ბაზარზე მისი დამკვიდრება შეუძლებელი გახდება.
საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანის ვიცე-მერმა ჭან სიაოფანიმ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ასეთი შესაძლებლობა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ სიანიანი ინდუსტრიული ქალაქია, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია მანქანათმშენებლობა. კომპანია xiangyang jxy auto part-ის მიერ წარმოებული ავტომობილები საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
ჯერ კიდევ უცნობია, თუ რომელ კომპანიასთან ითანამშრომლებს საქართველო ავტომობილების საწარმოებლად. ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ სწორედ ეს საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კი ჯერჯერობით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. უცნობია ისიც, თუ სად აშენდება ქარხანა ან რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება ჰიბრიდული და ეკოავტომობილების წარმოებაში.
ავტოექსპერტი მევლუდ მელაძე ახალ ავტოწარმოებას დადებითად აფასებს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ახლა მთავარია, შეირჩეს კომპანია, რომელიც ხარისხიან დეტალებს დაამზადებს, რადგან სტარტი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ პირველი წარმოება არ გამოდგა ხარისხიანი, შემდგომში მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება.
"გამოცდილება საკმაოდ მწირი გვაქვს და ისიც არასახარბიელო. მხოლოდ ქუთაისის ქარხანა იყო, მაგრამ მაშინ კომუნისტური ხანა იდგა და იმ რეჟიმით მიდიოდა ყველაფერი. თავისთავად პროექტი და წამოწყება ძალიან კარგია. ისე არ იქნება, თითქოს ჩვენ ვაწარმოებთ, აქ მხოლოდ აეწყობა მანქანები. თავიდან ბოლომდე სრულ საწარმოო პროცესს თავისი ნედლეულითა და დეტალებით დიდი რესურსი სჭირდება, რაც ნამდვილად არ გაგვაჩნია, მით უმეტეს პირველ ეტაპზე არ იქნება ამის შესაძლებლობა.
ის, რომ საქართველო უკვე რაღაცას გამოუშვებს, რომელსაც ეწერება - "წარმოებულია საქართველოში" და "ვინ" კოდი მიეთითება, მსოფლიო ავტოინდუსტრიის რუკაზე კი გაჩნდება ახალი წერტილი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩინეთიდან ჩამოვა თავიდან ბოლომდე გამზადებული დეტალები, რასაც აბსოლუტურად მივესალმები. სხვა საკითხია, რამდენად კარგი ან ცუდი იქნება გამოშვებული პროდუქცია, ამას დრო გვაჩვენებს. ბაზარზე მკაფიოდაა გამიჯნული სხვადასხვა ხარისხის პროდუქცია და ამ მხრივ ყურადღება გვმართებს.
მთავარი ისაა, რომ თუკი თავიდანვე, პირველი წარმოებისთანავე, არ დავიჭერთ მაღალ ხარისხსა და კარგ შედეგს, მერე იმიჯის გამოსწორება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, ამიტომაც უნდა მოხდეს ხარისხის ძალიან მკაცრი კონტროლი. იმედია, კარგი დეტალებისაგან აეწყობა ავტომობილი, რომელიც ბაზარზე საქართველოს სახელით მოხვდება. კარგი იქნებოდა, უფრო ღრმად გავცნობოდით, ვისთან ვაპირებთ პარტნიორობას და რამდენად კარგია ან ცუდი, როგორია მისი ისტორია და ა.შ. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს აუცილებლად წარმატებული, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისთან დავიჭერთ საქმეს. ამ მხრივ ხელისუფლებამ უნდა მოგვაწოდოს სრული ინფორმაცია, რათა მეტი რესურსი არსებობდეს ანალიზისა და დასკვნებისათვის", - ამბობს მევლუდ მელაძე.
"რობანი მოტორსის" ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძეც მიიჩნევს, რომ სანამ მეტი ინფორმაცია არ იქნება შესაძლო პრტნიორის შესახებ, ავტოინდუსტრიაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ პიარის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.
"ნამდვილად არ ვიცი, რა გეგმები ან მოლაპარაკება აქვს ეკონომიკის მინისტრს. პირველ რიგში, საინტერესოა, რომელი კომპანია იქნება პარტნიორი, რა გამოცდილება აქვს და რა მანქანები გამოუშვია. ასე რომ, რთულია, პოპულიზმის გარდა, სხვა რამედ ჩაითვალოს ეს ხმაურიანი განცხადება, თითქოს საქართველოში მანქანების გამოშვება იგეგმება. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ჩემი დიდი ხნის მუშაობისა ამ სფეროში, არ მსმენია ჩინური ჰიბრიდული ავტომობილის შესახებ. ავტოიმპორტიორების კონკურენტებად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ, რადგან ჩვენ სხვა სეგმენტზე ვმუშაობთ.
ჰიბრიდული მანქანები ბაზარზე საკმაოდ ძვირია და ისეთი კომპანიები აწარმოებენ, რომელთა მიმართაც მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებას. არ ვიცი, რამდენად გაამართლებს ჩინურ-ქართული წამოწყება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებაა და მეტი არაფერი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელგუჯა ჯამაგიძემ.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"