„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებას ”საბიუჯეტო თაღლითობად” აფასებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რეალურად ეს 2018 წლის ბიუჯეტია.
„ეს არის საბიუჯეტო თაღლითობა, ქაღალდებით თამაში. ეს არ არის 2017 წლის ბიუჯეტი, მას მივიღებთ, სადღაც დეკემბრის ბოლოს, სინამდვილეში ეს არის 2018 წლის ბიუჯეტი, შესაბამისად, ყველა ხარჯი გაწეული იქნება 2018 წელს. მთავრობამ თქვა, რომ მას არ უნდა უკვე აწყობილი 2018 წლის ბიუჯეტის დაშლა, ამიტომ იტყუებიან. ქაღალდზე წერენ 2017 წელს და რეალობაში არის 2018 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა. სამწუხაროა, რომ მთავრობას აქვს სავალუტო ფონდთან პროგრამა და ფონდმა დახუჭა თვალი ამაზე. ეს ცუდ გავლენას მოახდენს მომავალში ლარის კურსზე და ფასებზე, ვინაიდან, ბიუჯეტი იზრდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ის არ უნდა გაზრდილიყო - ზრდის წყარო არის ძველი ნაშთები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.