Myvideo-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საიტზე არც ერთი არხი არ გაითიშება

Myvideo-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საიტზე არც ერთი არხი არ გაითიშება.როგორც საიტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, Myvideo იმ არხებთან, რომლებმაც ”კარტერული გარიგება დადეს, სამართლებრივ დავას იწყებს”.

”ძვირფასო Myvideo-ს მომხმარებლებო! უკვე 10 წელია, რაც myvideo თქვენთვის ახორციელებს ღია ქართული ტელეარხების უფასოდ ტრანსლირებას ინტერნეტის საშუალებით.

ჩვენ მუდმივად გვიწევს უამრავი ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დაბრკოლების გადალახვა იმისათვის, რომ თქვენ, ჩვენს ორ მილიონზე მეტ ერთგულ მომხმარებელს, მიუხედავად თქვენი ადგილმდებარეობისა, გქონდეთ 24- საათიანი უფასო წვდომა ყველა ქართულ ტელეარხთან, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობით.

სამწუხაროდ, დადგა მომენტი, როდესაც ზემოაღნიშნულ გამოწვევებს დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც არღვევს თქვენს უფლებას - უყუროთ უფასო საეთერო არხებს იქ, სადაც გსურთ და იმ მოწყობილობით, რომლითაც გსურთ.

საქმე ის გახლავთ, რომ ქართული სატელევიზიო სივრცის 6-მა წამყვანმა ტელეარხმა (”იმედი”, ”მაესტრო”, ”ჯიდიესი”, ”რუსთავი 2”, ”კომედი არხი” და ”მარაო”), რომელთა ყურებადობა აღემატება საერთო მაყურებელთა 70%-ს, შექმნა კარტელური გაერთიანება და წამოგვიყენა შემდეგი ულტიმატუმი: Myvideo-ს საშუალებით ამ არხების ყურებისათვის ჩვენ დაგიწესოთ გარკვეული სააბონენტო გადასახადი, თუ არა და საერთოდ გავთიშოთ ეს არხები პორტალიდან.

მსგავსი ტიპის კარტელური გაერთიანება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ, ხოლო ულტიმატუმის ენით მოლაპარაკებების წარმართვა კი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პარალელურად ეს 6 არხი განაგრძობს და მომავალშიც აპირებს გააგრძელოს თავისუფალი და უფასო მაუწყებლობა, როგორც თანამგზავრზე, ასევე, ციფრული მაუწყებლობის სადგურში და ინტერნეტშიც მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფულის გადახდა იმაში, რაც სხვა საშუალებებით უფასოდ ვრცელდება, არც ერთი თქვენგანისათვის არ არის მისაღები და Myvideo-ზე ამ 6 არხის გაფასიანების შემთხვევაში თქვენი უმრავლესობა პრინციპულად არ გადაიხდის სააბონენტო გადასახადს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი და თქვენი უფლებების დასაცავად ჩვენ ვერთვებით სამართლებრივ დავაში ზემოაღნიშნულ ტელეარხებთან და მათი კარტელური გარიგების შედეგად შექმნილ სუბიექტთან.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს პორტალზე არ მოხდება არც ერთი არხის გათიშვა, გვაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი.

პერიოდულად შეგატყობინებთ შემდგომი ნაბიჯებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.