RMG-ს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია RMG-ს სათაო ოფისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანიის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საქართველოს სამთო-გეოლოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის საფუძველზე, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობის მასშტაბი იზრდება. კომპანია RMG-სთვის საწარმოო პროცესის მოდერნიზაციის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პრიორიტეტულია ახალგაზრდა პროფესიონალების და დარგის სპეციალისტების აღზრდის ხელშეწყობა. აღნიშნული სფეროს სამეცნიერო-ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნისათვის, RMG, კომპანიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამას აფართოებს. თავის მხრივ, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებაში.

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოდგენილი იქნება რექტორის – არჩილ ფრანგიშვილის სახით, ხოლო კომპანია RMG, აღმასრულებელი დირექტორის ჯონი შუბითიძის სახით.