"სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დღეისათვის 57 800 ლარი შეადგინა"

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დღეისათვის 57 800 ლარი შეადგინა , - ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

ისნის რაიონის მაჟორიტარის განმარტებით, 500-500 ლარი სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ 8 ოჯახს, ანუ 35 ადამიანს, მერიის მიერ ერთჯერადად გადაეცემა, ხოლო ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს. ნინო ლაცაბიძე ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, პირველადი დახმარების სახით, დაზარალებულებს 9 900 ლარი იმ დღესვე დაურიგდათ.

„8 ოჯახი გადანაწილებულია სამ სასტუმროში და მათი სასტუმროში ცხოვრების ხარჯები მერის ფონდიდან ფინანსდება. დღეისთვის ეს თანხა 30 392 ლარს შეადგენს. აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანაზე რაიონის გამგეობა მუშაობს. ხოლო მას შემდეგ რაც ზარალი დაითვლება, მას მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაზიანებულ ავტომობილებს, ლაცაბიძის თქმით, მათი აღწერა დღესაც მიმდინარეობს და ზარალის შეფასების შემდეგ, ხარჯებს სახელმწიფო ასევე სრულად დაფარავს.

ნინო ლაცაბიძის კომენტარს საკრებულო ავრცელებს.