მონოპოლისტის დაბადება ბაზრიდან სხვა კომპანიებს გააქრობს

"საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად, გადამზიდავმა კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ცვლილებების თანახმად პრივილეგირებულ მდგომარეობაში მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" იქნება, რომელიც ბაზრის მონოპოლისტი გახდება, სხვა ოპერატორ კომპანიებს კი დამოუკიდებლად არ შეეძლებათ საქმიანობა და ისინი "საქართველოს ფოსტაზე" იქნებიან დამოკიდებული.

კომპანიების ბრალდებებს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საფოსტო კანონმდებლობის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის მზად და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.

გადამზიდავი კომპანიები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, კანონპროექტი უარყოფით გავლენს მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტში მოქმედი საერთაშორისო კომპანიებისთვის: TNT, UPS, FEDEX და მათ გარდა, ორმოცამდე კომპანიის საქმიანობაში ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა და ისინი იძულებული გახდებიან, საქართველოს ბაზარი დატოვონ.

კანონპროექტის მიხედვით, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას, მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებლისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა, სხვა კომპანიებისათვის შეუძლებელი იქნება. სექტორის მარეგულირებლად კი, კანონპროექტით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იქნება წარმოდგენილი.

ნინო მენთეშაშვილი, კომპანია TNT-ს დირექტორი: "კანონპროექტი გვეუბნება, რომ უნდა შეიქმნას უნივერსალური საფოსტო მომსახურება. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია და ამის ვალდებულებაც აქვს. მაგრამ ამ კანონპროექტის თანახმად, უნივერსალურ მომსახურებას "საქართველოს ფოსტა" განახორციელებს, რომელმაც თურმე კეთილი ნება გამოიჩინა და ამ შეთავაზებას დათანხმდა. შედეგად კი "საქართველოს ფოსტას" 30-კგ-მდე ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზიური უფლება უნდა მიანიჭონ. ამას ჰქვია "რეზერვირებული სერვისები", რომელიც საქართველოს ფოსტას იმ მომსახურების საფასურად ეძლევა, რომელსაც "უნივერსალური მომსახურების" სახით განახორციელებს.

-ეს რას ნიშნავს?

- რეზერვირებული სერვისი ერთი კომპანიისთვის დარეზერვებული ბიზნესსფეროა, რომლითაც სხვა კომპანია ვერ ისარგებლებს. სახელმწიფოს "უნივერსალური მომსახურების" ვალდებულება აქვს აღებული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუზღუდავი მომსახურება ჰქონდეს. მაგალითად, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, გაკრვეული პუნქტებიდან, თუნდაც ერთი გზავნილის ძალიან იაფად გაგზავნა. ამ კანონპროექტის მიხედვით კი, ეს არის ტვირთი და მისი მიბმა და გაგზავნის უფლება ექნება ერთ კომპანიას, ანუ ამ შემთხვევაში "საქართველოს ფოსტას", რომელსაც შეღავათის სახით, გაუკეთებენ კომპენსაციას და მხოლოდ მას ექნება ექსკლუზიური უფლება, რომ საქართველოდან 30კგ-მდე ტვირთი გადაიტანოს. დანარჩენი კომპანიები, 30კგ-მდე ტვირთსა და 2 კგ-მდე დოკუმენტსაც კი ვერ გადაიტანენ... თუმცა, ამავე კანონპროექტში წერია, "უნივერსალურ მომსახურების" ტარიფი განისაზღვრება - მომსახურების თვითღირებულებას დამატებული გონივრული მოგება. ანუ გამოდის, "უნივერსალური მომსახურება" ქველმოქმედება კი არა, კომერციული პროდუქტია... საქართველოში ეს არის პირველი პრეცენტენდი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოგვიდგინა. ამ ინიაციტივას თავისუფალ ბაზარზე შეზღუდვები შემოაქვს. კონკრეტულად, უცხოურ კომპანიებს არ ექნებათ არჩევანის საშუალება საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებთან სათანამშრომლოდ და ყველა მათგანი აუცილებად "საქართველოს ფოსტას" უნდა დაუკავშირდეს.

ამ კანონპორიექტის მსგავსი პრეცენდენტი ევროპაში 90-იან წლებამდე არსებობდა, მაგრამ მაშინ შეზღუდვა 100-გრამს არ აღემატებოდა, ახლა კი, ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, რომ რეზერვირებული სერვისი 30-კგ უნდა იყოს. 2005 წელს, იგივე კანონი თურქმენეთში შექმნეს, შედეგად კი, მონოპოლისტად "თურქმენფოსტი" მიიღეს. რის გამოც სხვა კომპანიებმა ვერ იმუშავეს, მაგალითად, DHL,TNT, UPS- მა ის ქვეყანა დატოვეს. ახლა ჩვენც იგივე საფრთხის წინაშე ვდგავართ".

გიორგი გელაშვილი, მცირე მეწარმე: "ახალი კანონპროექტი კი არ გვზღუდავს, უბრალოდ მუშაობის საშუალებას აღარ გვაძლევს. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ ნივთს გამოვიწერ და თუ მაგალითად, DHL-ით გამოგზავნიან, ეს კომპანია მას ვეღარ მომიტანს, "საქართველოს ფოსტამ" უნდა მომიტანოს. მე კი, ტრანსპორტირების საფასური მასაც უნდა გადავუხადო, DHL-საც, როგორც მიმღებს და "საქართველოს ფოსტასაც", რადგან DHL მისი ქოლგის ქვეშ მოქმედი კომპანია იქნება. არის მეორე ვარიანტი- საქონელი ადგილობრივ ბაზარზე ორჯერ ან სამჯერ მეტ ფასში უნდა ვიყიდო, რადგან კონტეინერით 30 კილოგრამზე ნაკლებ ტვირთს ვერ ჩამოვიტან. შეკვეთას კი, 2 თვე უნდა ველოდო... ასეთი მუშაობა, უბრალოდ წამგებიანია და იძულებული ვხდები, შპს დავხურო.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

-ამ შემთხვევაში, მთავარი საზომია არიან ის კომპანიები, რომლებიც სრულიად სამართლიან შენიშვნებს გამოთქვამენ და საუბარია, საკმაოდ ავტორიტეტულ კომპანიებზე. ამიტომ, მათ უკეთ იციან, ამ სექტორთან დაკავშირებით თუ რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამ კანონპროექტმა. მე მკვირს, რომ ამის ავტორი არის ეკონომიკის სამინისტრო, მაშინ, როდესაც ის ერთი ხელით ქმნის ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელმაც მსგავსი ტიპის ქმედებების პრევენცია უნდა მოახდინოს, მეორე ხელით კი, შემოაქვს კანონპოროექტი, რომელიც გადაზიდვებზე მომუშავე კერძო კომპანიებს შორის კონკურენციას ზღუდავს.

”საქართველოს ფოსტა”არის ხელოვნურად შექმნილი, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია. სხვათა შორის, ძალიან ბევრ სფეროშია ცდუნება, რომ სახელმწიფომ აღკეთოს ბიზნესი, რაც მიუღებელია, ეს ეხება გადამზიდავ კომპანიების, შპს-ებს, ჯანდაცვისა და დაზღვევის სფეროს. ეს არ არის მისაღები თავისუფალი ბაზრის პრინციპებისთვის და მთავრობა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ფრთხილი უნდა იყოს.

ლალი პაპასკირი