ლიდერები, რომლებმაც საკუთარი თავი ფულის ერთეულზე გამოსახეს

ცოტა ხნის წინ რუსეთის ცენტრალურ ბანკში შევიდა მიმართვა-ინიციატივა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფულის ერთეულის კუპიურებზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დაიბეჭდოს.

ცენტრალურმა ბანკმა ამ წინადადებას უარით უპასუხა და აღნიშნა, რომ „დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, რუსეთის ბანკის ბანკნოტებზე მოქმედი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები არ გამოიყენება“. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი პორტრეტები სიცოცხლეშივე გამოსახეს ფულის ერთეულზე.

დადა უმე იდი ამინი

1980-იან წლებში გამოშვებული ხუთი უგანდიური შილინგის ბანკნოტაზე, უგანდის პრეზიდენტი, დადა უმე იდი ამინი (1971-1979) არის გამოსახული. ამინი მსოფლიო კარიკატურისტების უსაყვარლესი დიქტატორია, რომელმაც საკუთარი მუნდირი სპეციალურად დაიგრძელა, რათა მასზე უფრო მეტი ორდენი და ჯილდო დაეტიოს. ის ხელისუფლებაში გადატრიალების შედეგად მოვიდა და ხალხს თავი ხისტი ნაციონალისტური პოლიტიკით, ეთნიკური წმენდებითა და გენოციდებით დაამახსოვრა. ამინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ჩატარებული სხვადასხვა მონაცემებით, 19-მილიონიან უგანდაში მისი რეპრესიების მსხვერპლი 300-500 ათასი ადამიანი გახდა. სულ მცირე 2000 მან პირადად მოკლა, ზოგიერთი მოკლული კი შეჭამა კიდეც.

ჟან ბედელ ბოკასა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟან ბოკასა (1966-1976) სხვადასხვა კუპიურებზეა გამოსახული. ხელისუფლებაში ისიც გადატრიალების შედეგად მოვიდა და 1976 წელს საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა. მისი მმართველობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოკასა კანიბალიზმით იყო დაკავებული.

კიმ ირ სენი

ჩრდილოეთ კორეის „მუდმივი პრეზიდენტი“ კორეულ ვონებს 2014 წლამდე ამშვენებდა. პირველად მისი პორტრეტი კუპიურებზე ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის დროს - 1978 წელს გამოჩნდა. ბანკნოტის მეორე მხარეს მისი მშობლიური სახლი იყო გამოსახული. 1992 წელს პორტრეტი შეიცვალა - კიტელის ნაცვლად კიმ ირ სენს დასავლური სტილის კოსტუმი ეცვა. 2002 წელს მისი პორტრეტი 1000 და 5000 ვონის კუპიურებზეც გამოჩნდა.

სადამ ჰუსეინი

პირველი მონეტები სადამ ჰუსეინის პორტრეტით დაამზადეს 1979 წელს, როდესაც ის ერაყის პრეზიდენტი გახდა. 1986 წელს მისი პორტრეტი 25 დინარიან კუპიურაზეც გამოჩნდა. 90-იანი წლებში ჰუსეინის პორტრეტები თითქმის ყველა ნომინალის კუპიურებზე გამოჩნდა. 2003 წელს ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ვალუტის გამოცვლა დაიწყო, რომელიც 2004 წლის 15 იანვარს დასრულდა, რის შემდეგაც ჰუსეინის გამოსახულებით კუპიურებს ძალა აღარ აქვს.

საფარმურატ ნიაზოვი

დამოუკიდებლობის პირველ წლებში თურქმენეთში მიმოქცევაში საბჭოთა, შემდეგ კი რუსული რუბლი რჩებოდა. 1993 წელს მათ საკუთარი ვალუტა - მანათი გამოუშვეს. ახალ მონეტებსა და ბანკნოტებს ქვეყნის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის პორტრეტი ამშვენებდა.

ნიაზოვი 2006 წელს გარდაიცვალა, 2009 წლის 1 იანვრიდან მიმოქცევაში შევიდა ახალი კუპიურები, რომლებზეც სხვადასხვა ადამიანიები არიან გამოსახულები. მაგრამ ნიაზოვის პორტრეტი დღემდე ამშვენებს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ - 500-მანათიან კუპიურას.

მუამარ კადაფი

„ლიბიური რევოლუციის ბელადის“, მუამარ კადაფის პორტრეტი პირველად 1993 წელს 1 ლიბიურ დინარზე გამოჩნდა. მოგვიანებით კადაფის პორტრეტი 20 და 50 დინარიან კუპიურებზეც დაბეჭდეს.

აღნიშნული კუპიურები ძალაში მას შემდეგაც დარჩა, რაც მისი რეჟიმი დაემხო, თვითონ კადაფი კი 2011 წელს მოკლეს. ახალი კუპიურები მიმოქცევაში მხოლოდ 2013 წელს გამოჩნდა.

იხილეთ ფოტოგალერეა