ჰამბურგი საუკეთესო ღამის ქალაქია მსოფლიოში

გერმანიის ქალაქი ჰამბურგი საუკეთესოდ დასახელდა იმ ქალაქებს შორის, სადაც შეგიძლია ღამის საათებში გაერთო.

ღამის ცხოვრების მაჩვენებლები დადგენილია ტურისტული კომპანია Hostelworld-ის მიერ, რომელმაც მსოფლიოს 27 ქვეყანაში და 41 ქალაქში საკუთარი მომხმარებლები გამოკითხა - „თუ რომელ ქალაქში შეძლეს უკეთესად გართობა ღამის საათებში“. გამოკითხულთა რაოდენობამ 4100 შეადგინა და მათ ხუთი კითხვა დაუსვეს: ღამის ცხოვრების ხარისხზე, ადგილობრივების კეთილგანწყობაზე და ღამის საათებში დაწესებულებების ღიაობაზე, უსაფრთხოების ხარისხზე, ფასზე და ადგილის ხელმისაწვდომობაზე.

აღმოჩნდა, რომ ჰამბურგი პირველ ადგილზეა ტურისტებისადმი კეთილგანწყობის მხრივ, ის ასევე საუკეთესო ადგილია ახალი ნაცნობობისთვის და არის ხელმისაწვდომი ქალაქში მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო. ამავე გამოკითხვაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა კოპენჰაგენი, რომელიც გამოკითხულებმა უსაფრთხოებისა და ღამის ცხოვრების ხარისხის მხრივ გამოარჩიეს, თუმცა ქულები დააკლდა სიძვირის გამო. ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურეს ბერლინმა და დუბლინმა. თუმცა, იმ ქალაქებმა რომლებიც შესაძლოა გონებაში ამოგიტივტივდეთ, როგორც საუკეთესო ღამის გართობის ქალაქი, საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღეს. მაგალითად, ლონდონი ამ რეიტინგში მხოლოდ 26-ეა, რომი და ტოკიო კი საერთოდაც 39-ე და 41-ე ადგილებზე არიან.

წარმოგიდგენთ 10 ქალაქს, სადაც ღამე ყველაზე უკეთ „გააჯაზებთ“

1. ჰამბურგი, გერმანია

2. კოპენჰაგენი, დანია

3. ბერლინი, გერმანია

4. დუბლინი, ირლანდია

5. ამსტერდამი, ნიდერლანდები

6. სან-ფრანცისკო, აშშ

7. გიოტენბურგი, შვედეთი

8. პრაღა, ჩეხეთი

9. ვარშავა, პოლონეთი

10. ნიუ-იორკი, აშშ

კოკა კვირკველია