კოტე სურგულაძე : საქართველომ ემიგრანტების პოტენციალი უნდა გამოიყენოს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტმა პროექტ "ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება სამშობლოში" ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა კოტე სურგულაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში თურქეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გამოკითხეს და მათ საჭიროებებსა და ინტერესებს გაეცნენ.

მინისტრის თქმით, ეს პროექტი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად განხორციელდა. შეისწავლეს საბერძნეთი, თურქეთი და გერმანია - როგორი ტიპის ემიგრაციაა ამ ქვეყნებში, რა საჭიროებებია, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყანასთან ურთიერთობა და ა.შ. როგორც კვლევამ აჩვენა, თურქეთი და საბერძნეთი ძირითადად შრომითი მიგრაციის დანიშნულების ქვეყნები არიან, გერმანია კი - უფრო ინტელექტუალური დანიშნულების.

სურგულაძის ინფორმაციით, გერმანიის საკონსულოში ოფიციალურად 2 500 ქართველია რეგისტრირებული, თავად გერმანიის მთავრობას დაახლოებით 8 000-მდე ქართველზე აქვს ინფორმაცია, მაგრამ რეალურად ამ ქვეყანაში 25-დან 35 ათასამდე ქართველი იმყოფება.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა სამშობლოში ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველომ მათი პოტენციალი უნდა გამოიყენოს.

კოტე სურგულაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის კვლევა სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება, რათა საქართველოს ხელისუფლებამ სრულყოფილად იცოდეს, რომელ ქვეყანაში რა სახის მოთხოვნილება აქვთ ჩვენს თანამემამულეებს და როგორი შესაძლებლობების მქონე დიასპორა გვყავს.