Amazon-მა „კიბერ ორშაბათი“ ახალი რეკორდით აღნიშნა

სანამ წლის მთავარი - საშობაო დღესასწაულები დადგება, ამერიკელები ერთგვარ მოთელვას ნოემბრის დღესასწაულებზე აკეთებენ, მათ შორის არის მადლიერების დღე და ამ კვირეულში მოქცეული „შავი პარასკევი“ და „კიბერორშაბათი“.

ეს ბოლო ორი საშოპინგო დღესასწაულია, რა დროსაც კომპანიები მომხმარებლებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობენ საკუთარ პროდუქციას.

ყოველი ამ „დღესასწაულის“ ჩავლის შემდეგ ყველას აინტერესებს, ვინ რა და რამდენი გაყიდა. მათ შორის მუდმივად აქვეყნებს სტატიტიკას მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ მაღაზია „ამაზონი“, რომელმაც ნოემბრის სადღესასწაულო კვირეულის შედეგები გამოაქვეყნა და ის პროდუქტები დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტი რაოდენობით გაყიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროდუქციას შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა ყოფილა თავად „ამაზონის“ ნაწარმზე. მათ შორის Echo Dot სმარტ-სპიკერზე, Fire TV Stick სატელევიზიო პულტზე, Alexa Voice Remote-ზე, სრულიად ახალ Echo-ზე და Fire 7 tablet-ზე. ჩამოთვლილი პროდუქციიდან კი ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ სატელევიზიო მოწყობილობა Fire TV Stick და სრულიად ახალი „ასისტენტი“ Echo Spot გაყიდულა.

კომპანია კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სატელევიზიო მოწყობილობაზე მოთხოვნა 2,7-ჯერ გაიზარდა. როგორც ცნობილია, „ამაზონმა“ გაყიდვების რეკორდი მიმდინარე წლის ივლისში Prime Day-ზე დაამყარა, რა დროსაც კომპანიის გაყიდვები ერთბაშად 60%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ეს რეკორდი სწორედ ახლანდელ „კიბერ ორშაბათს“ დაამხეს.

შესაბამისად, კომპანიამ საკუთარი გაყიდვების ახალ რეკორდად სწორედ 27 ნოემბერი გამოაცხადა, როდესაც ამერიკაში აღინიშნებოდა Cyber Monday. ცნობისთვის, „კიბერ ორშაბათს“ ამერიკული კომპანიები მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობენ ტექნიკაზე და ის ყოველთვის „შავი პარასკევის“ შემდეგ აღინიშნება.

კოკა კვირკველია