2016 წელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ორ სხვადასხვა თანამდებობაზე შემოსავლის სახით ჯამში, 103 544.47 ლარი მიიღო.
აქედან, თალაკვაძის შემოსავალმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, გასული წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით - 95 895,72 ლარი; 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის წევრობისას კი 7 648,75 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თალაკვაძე ფლობს 109,90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე ეკუთვნის მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley-Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დეკლარაციის შევსების მომენტში ,,თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 3 104,11 ლარი; საკრედიტოზე კი 10 424,50 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, წინა წელს არჩილ თალაკვაძემ მინისტრის ბრძანებით (სამსახურებრივი) 1 200 დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო საჩუქრად.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი ბანკში“ 72 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის გასავალმაც გასულ წელს 9 143,45 დოლარი შეადგინა; 10 410 ლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა 8 137,02 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სწავლის გადასახადის სახით თალაკვაძის გასავალი წინა წელს 4 500 ლარი იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დეკლარაციის შევსების მომენტში თალაკვაძის მეუღლეს „თი-ბი-სი ბანკში“ ჰქონდა 20 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო და ასევე 3 351 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის წლიურმა გასავალმაც 2 984,48 ლარი შეადგინა.
იხილეთ ასევე: რა ქონების მფლობელია საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერი არჩილ თალაკვაძე