ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 19,7%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, მისი მოცულობა 2017 წლის III კვარტალში 10,1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 23,0%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი ბრუნვის 41,2% მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 35,7% - მცირე ბიზნესზე მოდის. რაც შეეხება პროდუქციის მთლიანი გამოშვებას,  მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,7%.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 46,1% ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) მოდიოდა. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,5%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,5%- იანი წილით; მას მოსდევს - 7,1%-იანი წილით ხელოვნება, გართობა და დასვენება; მეხუთე ადგილზეა - ტრანსპორტი და დასაწყოება 6.8%-იანი წილით; 3.4%- იანი წილით მე-6 პოზიციას იკავებს ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ხოლო დარჩენილი 13,6% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (21,6%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0%); მე-4 ადგილზეა - ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 29,6 პროცენტიანი წილი უჭირავს.