ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„გალარების სოციალური პროგრამა მთავრობამ განახორციელა ეროვნული ბანკის ტექნიკური დახმარებით. სოციალური პროგრამის გამართლებულობაზე კამათი ყოველთვის შეიძლება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტს შეეწინააღმდეგა დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი და მიმართა, რომ მთავრობის განცხადება იყო ზუსტად, რომ “ეს არ იყო სოციალური პროგრამა“.
„რაც შეეხება თავად ლარიზაციას. ეს არის გრძელვადიანი პროგრამა და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას. არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ოდესმე თქმულა. ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის სტაბილურობას, ეს არის ლარის გაცვლით კურსზე დამოკიდებულების შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს წვდომა ლარის რესურსზე და რაც უფრო მეტი წვდომა იქნება ლარის რესურსზე, მით უფრო მეტი სესხი იქნება ლარში“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა და საერთაშორისო მაგალითები მოიყვანა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში აღნიშნულ პროგრამას სხვადასხვა დროს მოყვა შედეგი, გრძელვადიან პერსპექტივაში.
“უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირება ძალიან მალე ვერ მოხდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული მოკრძალებული შედეგები არის ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, სესხების დოლარიზაცია საბანკო სექტორში 2016 წლის ბოლოს შემცირდა 65%-დან და 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს 57%-მდე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.