ამბროლაურის, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონების სოფლების ენერგომომარაგება უმჯობესდება

სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელთა ენერგომომარაგების გასაუმჯობესებლად ქსელის სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

როგორც "ენერგო-პროში” აცხადებენ, კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამბროლაურის, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება სტაბილური და ხარისხიანი გახდება.

მათივე ინფორმაციით, ამბროლაურის მომსახურების ცენტრის ტექნიკური სამსახური ფიდერ "ნიკორწმინდის" სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. გარდა ამისა, ბაღდათის მომსახურების ცენტრში 10 კვ ფიდერ "ობჩის" რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟდა 20 რკინა ბეტონის საყრდენი და 3000 მეტრი სადენი, რითაც 3 კილომეტრიანი ავარიული მონაკვეთის გაჯანსაღება მოხდა.

კომპანიის ცნობით, უახლოეს მომავალში კიდევ 25 ხის ბოძი დამონტაჟდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ ობჩის 1300-მდე აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება. ასევე გრძელდება სარებილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის რაიონის სოფლების, როდინაულისა და ცხენთაროს მკვებავ 10 კვ ფიდერ "როდინაულზე". 

როგორც ”ენერგო-პროში” აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია იმერეთის რეგიონის ყველა მომსახურების ცენტრში ახორციელებს.