სიეტლში დაფუძნებულმა მსოფლიოს უმსხვილესი ყავის მაღაზიების ქსელმა, კომპანია Starbucks-მა, ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა.
მაღაზია შანხაიში გაიხსნა და მისი ფართი 2700 კვადრატულ მეტრზე მეტია. ეს არის კომპანიის პირველი რესტორანი Starbucks Reserve Roastery (კომპანიის ახალი მიმართულება) ამერიკის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰოვარდ შულცის განცხადებით, მაღაზია ნათლად ასახავს კომპანიის 46 წლიან ისტორიას, რომელიც შერწყმულია ჩინეთის მრავალფეროვან კულტურასთან.
ჩინეთი კომპანიის ბიზნესში მნიშვნელოვანი ბაზარია. რადგან ბოლო კვარტალურმა შემოსავლებმა იკლო, კომპანია დიდ იმედებს ამყარებს ჩინეთის ბაზარზე, სადაც მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები ჩინეთში 8%-ით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უფრო ჩაის მოყვარული ქვეყანაა, ვიდრე ყავის, ბრენდის მიმართ დამოკიდებულება მზარდია და მისი ცნობადობის გამო, კომპანია ამ ბაზარზე გაყიდვებს ნამდვილად არ უჩივის. გარდა ამისა, კომპანიის აგრესიული მარკეტინგის ფარგლებში Starbucks-ი საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას უმსხვილეს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Alibaba-სთან თანამშრომლობით აწარმოებს.
კოკა კვირკველია