„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ახალ სპეციალურ მმართველად გიგლა თამაზაშვილი დაინიშნა

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს.

საკითხზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელა.

შედეგად, „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალურ მმართველად ამ თანამდებობაზე გიგლა თამაზაშვილი დაინიშნა. თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2018 წლის პირველ აპრილამდე დაიკავებს.

გიგლა თამაზაშვილი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან საქმიანობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში დღემდე მას ეკავა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა.

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახური სს ”ყაზტრანგაზი”-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2006 წლის 9 მარტს დაფუძნდა. 2009 წლის 16 მარტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სპეციალური მართვის რეჟიმში ფუნქციონირებს.

კომპანია დედაქალაქის მასშტაბით 417.708 გაზიფიცირებულ აბონენტს ემსახურება, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 401.704 აბონენტს, 1898 მსხვილ მომხმარებელსა და 14.106 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს.