ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების მიუხედავად, ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან მაინც იზრდება.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ამ მიმართულებით საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა და რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა მის აღმოსაფხვრელად, თუმცა, ციფრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდნ ჩანს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პრედიოდთან 12%-ით 463 მილიარდ დოლარამდე. ქვეყანას კარგი მდგომარეობა აქვს მომსახურებისა და საბანკო სფეროში, თუმცა დეფიციტი მაღალია განსაკუთრებით საავტომობილო ბიზნესში.
როგორც CNN-ი წერს, დეფიციტური სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემია ტრამპის ფავორიტ ორ ქვეყანასთან, ჩინეთთან და მექსიკასთან სავაჭრო ბალანსში. მექსიკასთან ეს მაჩვენებელი 11%-ითაა გაზრდილი, ხოლო ჩინეთთან 7%-ით.
გამოცემა აქვე წერს, რომ სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს, რომ ამერიკა კარგავს ფულს ჩინეთთან ან მექსიკასთან, როგორც ამას დონალდ ტრამპი წარმოაჩენდა საპრეზიდენტო კამპანიისას. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი მომხმარებელი მეტ პროდუქტს იძენს ჩინეთისგან და მექსიკისგან, ვიდრე ეს ქვეყნები ამერიკისგან.
ექსპერტების აზრით, სავაჭრო დეფიციტი არ არის შესაბამისი შეფასების მექანიზმი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ეთანხმებიან. მათივე აზრით, ჩინეთთან დეფიციტის ზრდა განპირობებულია იმითაც, რომ ეს ქვეყანა ბლოკავს გარკვეულ ამერიკულ კომპანიებს საკუთარ ქვეყანაში.
კოკა კვირკველია